საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში თსუ ასოცირებული პროფესორების ეკა ლეკაშვილისა და ია ნაცვლიშვილის ვიზიტი გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტში და ავსტრიელი პროფესორის საბინე ბერგნერის საპასუხო ვიზიტი თსუ-ში

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი  პროექტის  ,,ქალთა მეწარმეობა - ქალ სტუდენტთა გაძლირება სამეწარმეო კარიერისათვის“ (Female entrepreneurship – Empowering female students to pursue an entrepreneurial career (FEEN) ფარგლებში,  მიმდინარე წლის 23 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ეკა ლეკაშვილი და ია ნაცვლიშვილი, ავსტრიული მხარის დაფინანსებით, მივლინებით იმყოფებოდნენ ავსტრიის ქალაქ გრაცში.

მიმდინარე წლის 10 მაისს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისს საპასუხო ვიზიტით ეწვია გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი საბინე ბერგნერი. იგი მიიღო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფსორმა გიორგი ღაღანიძემ. საუბარი შეეხო ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების, ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების საკითხებს.

პროექტის მთავარი მიზანი  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრაცის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაა, რაც ავსტრიასა და საქართველოს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებით მიიღწევა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული მივლინების მიზანი იყო ახალი საერთაშორისო კვლევითი და სასწავლო საპროექტო განაცხადის შემუშავება, რომელიც უნდა წარდგენილ იქნას კონკურსში APPEAR (ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა უმაღლესი განათლებისა და კვლევის მიმართულებით) აკადემიური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.

თსუ-ს წარმომადგენლების აკადემიური მასპინძელი გახლდათ გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, მოსამზადებელი პროექტის კოორდინატორი, საბინე ბერგნერი. პროფესორი ბერგნერი არის ფსიქოლოგიიის დოქტორი და მიღებული აქვს ჰაბილიტაცია ბიზნესის ადმინისტრირებაში. მისი აკადემიური პოზიცია ერთმანეთთან აკავშირებს ლიდერობისა და მეწარმეობის  და ფსიქოლოგიის დეპარტამენტებს. მას აქვს მეწარმეობის და ლიდერობის სფეროში კვლევის, სწავლებისა და ტრენინგის მნიშვნელოვანი გამოცდილება.  არის ძალიან აქტიური მეცნიერი მდიდარი საერთაშორისო გამოცდილებით. იგი იყო მოწვეული მკვლევარი სლოვენიაში, დიდი ბრიტანეთსა და გერმანიაში.

ახალი პროექტის მიზანი კვლავ სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ახალგაზრდა ქალების გაძლიერებაა  და შესაბამისად, ამ მიზნის მიხედვით დაიგეგმა მონაწილე უნივერსიტეტებს შორის როგორც კვლევითი, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები. 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრაცის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით შედგა შეხვედრა  გრაცის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის საერთაშორისო სასწავლო პროექტების ხელმძღვანელთან, ქ-ნ ვერა ჰართმანთან. გამოითქვა მზაობა ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამების ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ გრაცის უნივერსიტეტს თსუ-სთან 2010 წელს აქვს პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმებული.

მოქმედი პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტების შედეგები და სამომავლო პროექტები გააძლიერებს თსუ-ს ევროპულ კვლევით და საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრირებას და მისი ცნობადობის და შესაძლებლობების გაფართოებას.

 

თარიღი: 11/05/2023